CEA-ს გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
- CEA
- Apr 30
- 1 min read
Updated: Jun 2

თანამედროვე განათლების აკადემიის გუნდი "Diamond Challenge"-ის ფინალზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ, სადაც თავიანთ პროექტს მსოფლიოს ქვეყნებს შორის წარადგენენ. ფინალი დელავერის უნივერსიტეტში, 1-2 მაისს გაიმართება. პირველ დღეს გუნდები თავიანთი პროდუქტის პრეზენტაციას მოახდენენ, ხოლო მეორე დღეს ვორქშოფები მოეწყობა. გამარჯვებულ გუნდებს ჟიური გამოავლენს.
"Diamond Challenge"-ის რეგიონული შესარჩევი ტური საქართველოში ჩატარდა.
საქართველოს, სომხეთის, თურქეთისა და ყაზახეთის რვა საუკეთესო გუნდი ერთმანეთს სამეწარმეო და სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტებით დაუპირისპირდა. აკადემიის X კლასის მოსწავლეების – მართა შალამბერიძის, ელენე ჯღარკავასა და თინათინ ძაპტაშვილის გუნდმა პროექტით "Alere" გამარჯვება მოიპოვა. მათ მენტორობას მათემატიკის მასწავლებელი თამთა წუწუნავა უწევდა.
"Alere" არის აპლიკაცია, რომელიც ახალბედა მშობლებისთვისაა განკუთვნილი. ეს არის ინფორმაციული ბიბლიოთეკა, რომელიც სხვადასხვა თემის მიხედვითაა დახარისხებული. აპლიკაციას აქვს მიმოწერის ფუნქცია, რომლის საშუალებითაც მშობელს დასმულ კითხვაზე პასუხი წამიერად მისდის. გარდა ამისა, მშობლებს აქვთ წვდომა შვილის სამედიცინო ისტორიასთან, რაც მათი მოვლის პროცესს ამარტივებს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც CEA-ს მოსწავლეები “Diamond Challenge”-ის რეგიონულ კონკურსში წარმატებას აღწევენ. 2020 წელს აკადემიის გუნდმა პროექტით “Talk to me” “ბრილიანტის გამოწვევის” საერთაშორისო ფინალში მიიღო მონაწილეობა და 6 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა. 2021 წელს CEA-ს გუნდმა პროექტით "Free Yourself" ასევე გამარჯვება მოიპოვა "Diamond Challenge"-ის ქართულ ფინალში.
"ბრილიანტის გამოწვევა" არის საერთაშორისო სასწავლო პროგრამა და კონკურსი, რომელიც IX-XII კლასელ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი ინოვაციური იდეები მსოფლიო ასპარეზზე წარადგინონ. დელავერის უნივერსიტეტის ეს პროგრამა 2014 წლიდან, საქართველოში ორგანიზებულია „სიქასა“ და "განათლებისა და მართვის გუნდების" (TEaM) მიერ, პავლე თვალიაშვილის ხელმძღვანელობით. კონკურსის საპრიზო ფონდი 100,000 დოლარს შეადგენს, რომელიც გამარჯვებული გუნდს პროექტის განვითარების მიზნით გადაეცემა.
გოგონების გუნდი მსოფლიო ტურზე თანამედროვე განათლების აკადემიის თანადაფინანსებით გაემგზავრა.
წარმატებები ჩვენს გუნდს ამერიკაში!
Comments