top of page

CEA-ში, მშობლებისთვის, საგანმანათლებლო კლუბების საჩვენებელი გაკვეთილები ჩატარდა

თანამედროვე განათლების აკადემიაში, მშობლებისთვის, საგანმანათლებლო კლუბების სადემონსტრაციო აქტივობები ჩატარდა. ისინი სასწავლო პროცესში ჩაერთნენ და კლუბების შესახებ ინფორმაციას უფრო დეტალურად გაეცნენ.


პირველი შეხვედრა ცეკვის კლუბის ხელმძღვანელმა ინგა ყაველაშვილმა გამართა. ბავშვებმა მშობლებს სწავლის შედეგი აჩვენეს და მათთვის რამდენიმე ცეკვის ნომერი შეასრულეს.


მშობლებისთვის მომდევნო შეხვედრა სასკოლო კლუბმა „ექსპლორიუმი“ ჩაატარა. კლუბის ხელმძღვანელთან ერთად, მოსწავლეებმა სხვადასხვა დავალება შეასრულეს და მშობლებს უჩვენეს, რას სახის ცოდნას იძენენ აღნიშნული კურსის მეშვეობით.


„ექსპლორიუმის“ სასკოლო კლუბში ბავშვები პროგრამირების კომპლექსურ პრინციპებს სწავლობენ. ასევე, ქმნიან სხვადასხვა სირთულის ციფრულ პროექტებს: ანიმაციებს, თამაშებს, ჭკვიან აპლიკაციებსა თუ STEAM პროექტებს.


საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა ტანვარჯიშის კლუბის ხელმძღვანელმაც. ბავშვებმა მშობლებს შესწავლილი ილეთები უჩვენეს და სხვადასხვა ვარჯიში შეასრულეს.


ტანვარჯიშის კლუბს აკადემიის სპორტის მასწავლებელი თიკო რიჟამაძე ხელმძღვანელობს. აქ ბავშვები მოქნილობასა და სპორტულ უნარებს იძენენ. კლუბის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.


მომდევნო სადემონსტრაციო გაკვეთილი მოგზაურთა კლუბმა ჩაატარა. ბავშვებმა სხვადასხვა ქვეყანაზე ისაუბრეს და სასურველი ქალაქის მაკეტები წარმოადგინეს. ასევე, დაასახელეს ადგილები, სადაც მოგზაურობა ყველაზე მეტად სურთ.


კლუბს დაწყებითის მასწავლებელი თინათინ ლომსაძე ხელმძღვანელობს. იგი მოსწავლეებს სხვადასხვა ქვეყნის შესახებ ესაუბრება, შეასწავლის მათ კულტურასა და ტრადიციებს. ასევე, აცნობს საინტერესო ადგილებს.


მოგზაურთა კლუბში ბავშვები სასურველ ქვეყანაში ვირტუალურად მოგზაურობენ, შემდეგ კი მათთვის საინტერესო ადგილების მაკეტებს ამზადებენ.


მშობლები საჩვენებელ აქტივობაზე მოიწვია აკადემიის ფსიქოლოგმაც, რომელიც „ემოციურ ინტელექტს“ ხელმძღვანელობს.


თეონა ბოგველმა მოსწავლეებთან ემოციების მართვაზე ისაუბრა. ბავშვებმა ერთ-ერთი ემოცია - ბრაზი განიხილეს და მისი დათრგუნვის საშუალებები დაასახელეს.


მოსწავლეებმა, ასევე, შეასრულეს ჯგუფური სავარჯიშო „ორმხრივი კომპლიმენტი“, რა დროსაც მეწყვილეების დადებითი მახასიათებლები ჩამოწერეს. შემდეგ კი აღწერეს, რა ემოცია გაუჩნდათ მათი დახასიათებისას და ასევე მაშინ, როცა თავად მათ ახასიათებდნენ.


შემეცნებით-საგანმანათლებლო კლუბი „ემოციური ინტელექტი“ აკადემიის მესამე-მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.


მოსწავლეებმა და მშობლებმა საახალწლო სათამაშოები დაამზადეს ხელოვნების კლუბების სადემონსტრაციო აქტივობის ფარგლებში. ნივთების შესაქმნელად მათ სხვადასხვა მასალა გამოიყენეს.


სადემონსტრაციო აქტივობაზე მშობლები სამი კლუბის: „ხელოვნების ამბების“, „თიხის სამყაროსა“ და „ART თერაპიის“ საქმიანობას გაეცნენ, რომელსაც აკადემიის ხელოვნების მასწავლებლები, ელენე თევზაძე და ნინო იოვაშვილი ხელმძღვანელობენ.


აღნიშნულ კლუბებში ბავშვები ხატვას, ძერწვას, თიხაზე მუშაობას და მეორადი ნივთების გამოყენებით ახალი ნამუშევრების დამზადებას სწავლობენ.


მშობლებისთვის საჩვენებელი აქტივობების გამართვა „მარჯვე ხელებმა“დაასრულა, სადაც მოსწავლეებმა საჩვენებელ გაკვეთილზე საახალწლო სუვენირები დაამზადეს.

 

კლუბი აკადემიის მასწავლებლის, მანანა მაისურაძის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს. მისი მიზანია, მოსწავლეს სოციალური, შემოქმედებითი და პრეზენტაციის უნარები განუვითაროს.


კლუბში თითოეული მოსწავლე ინდივიდუალურად მუშაობს. აქ დაგეგმილი აქტივობები ბავშვებში ფანტაზიასა და კრეატიულობას ავითარებს.


______________

bottom of page