CEA-ს მოსწავლეებმა თვითმმართველობის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს
- CEA

- 5 days ago
- 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიაში თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ეტაპი გაიმართა. მიმდინარე სასწავლო წელს „მოსწავლეთა პარლამენტს“ მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გიორგი ქაშიბაძე უხელმძღვანელებს.
ახალი პრეზიდენტი თვითმმართველობის წევრებმა აირჩიეს. 11 წევრიდან კანდიდატობის სურვილი მხოლოდ სამმა - მეათეკლასელმა ელენე ბელაშვილმა, მეშვიდეკლასელმა ელენე გოგიაშვილმა და მეთერთმეტეკლასელმა გიორგი ქაშიბაძემ გამოთქვა. კანდიდატებმა თვითმმართველობის წევრებს სამოქმედო გეგმა წარუდგინეს, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრა გაიმართა. შედეგების მიხედვით, ყველაზე მეტი - 5 ხმა გიორგი ქაშიბაძემ დააგროვა.
„როდესაც გაჩნდა შანსი, რომ თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტობაზე მეყარა კენჭი, გადავწყვიტე კანდიდატობა და გავიმარჯვე.
ჩემი მთავარი მიზანია, თანამედროვე განათლების აკადემია იყოს არა მხოლოდ უკეთესი, არამედ საუკეთესო იდეების და ურთიერთობების სივრცე - და ეს, პირველ რიგში, კომუნიკაციით იწყება.
ბევრი აქტივობა უკვე დაგეგმილი გვაქვს. მართალია, ყოველი იდეის განხორციელება არ არის ჩემი პირობა, მაგრამ ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ მიზნების მისაღწევად.
ლიდერი, თუ სხვის ხმას არ აღიარებს, მისი ხმაც დადუმდება“ - აცხადებს გიორგი ქაშიბაძე.
ახალმა პრეზიდენტმა მოადგილეებად ელენე ბელაშვილი და ელენე გოგიაშვილი მიიწვია. ისინი, დანარჩენ წევრებთან ერთად, „მოსწავლეთა პარლამენტის“ მუშაობაში აქტიურად ჩაერთვებიან.
აკადემიის ახლად არჩეული თვითმმართველობა მოვალეობას მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე შეასრულებს.
საარჩევნო პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელის, მარიამ დანელიას ორგანიზებით ჩატარდა.


Comments