CEA-ს კლუბების საჩვენებელი აქტივობები
- CEA

- Dec 29, 2025
- 2 min read

თანამედროვე განათლების აკადემიაში საგანმანათლებლო კლუბების გამოფენა გაიმართა. თითოეულმა კლუბმა მოსწავლეთა მუშაობის შედეგი წარმოადგინა, რომლის დასათვალიერებლადაც მშობლები მოიწვიეს. გამოფენაში მონაწილეობდნენ კლუბები: „მარჯვე ხელები“, „ჭადრაკი“, „ქარგვა“, „შემოქმედების სახელოსნო“, „პატარა კინოსტუდია“ და „სამაგიდო თამაშები“.
„მარჯვე ხელებს“ აკადემიის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი თინათინ ლომსაძე ხელმძღვანელობს. გამოფენაზე კლუბმა მოსწავლეთა ნამუშევრები წარმოადგინა. აღნიშნულ კლუბში თითოეული მოსწავლე ინდივიდუალურად მუშაობს, სწავლების პროცესში კი ძირითადად „კეთებით სწავლება“ და პრეზენტაციის მეთოდია გამოყენებული.

ჭადრაკის კლუბის ხელმძღვანელია გიორგი გულორდავა, რომელმაც გამოფენაზე საჩვენებელი თამაში მშობლებსა და მოსწავლეებს შორის გამართა. კლუბის ფარგლებში ბავშვები ეუფლებიან ჭადრაკის პრინციპებს, რაც მათ ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში, ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებასა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

ქარგვის კლუბსაც თინათინ ლომსაძე ხელმძღვანელობს. გამოფენაზე მოეწყო საჩვენებელი გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებმა მშობლებს ქარგვის მასტერკლასი ჩაუტარეს. კლუბის მიზანია ნატიფი მოტორული უნარების განვითარება, თვალისა და ხელის კოორდინაციის, ფერების აღქმის, ყურადღების კონცენტრაციისა და ვიზუალურ-მოტორული უნარების გაუმჯობესება.
„შემოქმედების სახელოსნო“ ბავშვებში მსხვილი და წვრილი მოტორული, შემოქმედებითი, ყურადღების კონცენტრაციისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებას ემსახურება. აღნიშნულ კლუბსაც თინათინ ლომსაძე ხელმძღვანელობს. გამოფენაზე ბავშვების მიერ შექმნილი მრავალფეროვანი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
კიდევ ერთი კლუბი თინათინ ლომსაძის ხელმძღვანელობით „პატარა კინოსტუდიაა“, რომელმაც გამოფენაზე ფილმი სახელწოდებით - „დაკარგული ფერები“ წარმოადგინა. კლუბის მიზანია შემოქმედებითი აზროვნებისა და წარმოსახვის განვითარება, ასევე თანამშრომლობისა და თვითგამოხატვის ხელშეწყობა საკუთარი ისტორიების ფილმად ქცევის გზით.
სამაგიდო თამაშების კლუბს დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ნინო სამხარაძე ხელმძღვანელობს. გამოფენაზე მოსწავლეებმა საჩვენებელი თამაში გამართეს. კლუბის ფარგლებში ბავშვები თავად ქმნიან სხვადასხვა სირთულისა და თემატიკის თამაშებს, რაც ორიენტირებულია ლოგიკური აზროვნების, გუნდური მუშაობისა და შემოქმედებითობის განვითარებაზე.
გამოფენის გარდა, აკადემიაში ინდივიდუალურად გაიმართა დანარჩენი კლუბების საჩვენებელი აქტივობებიც, სადაც მოსწავლეთა მუშაობის შედეგებს მშობლები დეტალურად გაეცნენ.

„ემოციური ინტელექტის“ ხელმძღვანელიმა, აკადემიის ფსიქოლოგმა თეონა ბოგველმა მშობლებსა და ბავშვებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა. მათ შექმნეს საერთო ნამუშევრები, რომელთაც ემოციების მიხედვით შესაბამისი ფერები მიანიჭეს. კლუბი მოსწავლეებს საკუთარი თავისა და ემოციების მართვაში, ასევე სოციალური ცნობიერების ამაღლებაში ეხმარება.

„ხელოვნების ამბებს“ აკადემიის ხელოვნების მასწავლებელი ნინო იოვაშვილი ხელმძღვანელობს. საჩვენებელ აქტივობაზე მოსწავლეებმა თაბაშირისგან საახალწლო დეკორაციები შექმნეს. კლუბში მოზარდები ეცნობიან მსოფლიო მხატვრობას, შეისწავლიან ხელოვნების, კოსტიუმების ისტორიას და ქმნიან გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს.

ცეკვის კლუბისა და „სახალისო ფიტნესის“ ხელმძღვანელია ინგა ყაველაშვილი, რომელმაც მუშაობის შედეგები მშობლებს წარუდგინა. ცეკვის კლუბი ემსახურება ცეკვის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. „მხიარული ფიტნესი“ კი ორიენტირებულია ძირითადი მოტორული უნარების განვითარებაზე, მოქნილობასა და ფიზიკური გამძლეობის გაზრდაზე.

„სპორტული ტანვარჯიშის“ კლუბს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი თიკო რიჟამაძე ხელმძღვანელობს. საჩვენებელ აქტივობაზე მოსწავლეებმა ტანვარჯიშული ნორმატივები შეასრულეს, რისთვისაც სერტიფიკატები გადაეცათ. კლუბის მიზანი სწორი აღნაგობის ჩამოყალიბება, მოქნილობისა და კოორდინაციის გაუმჯობესებაა.

„The Eisteddfod Poetry & Performance Club“-ს ინგლისური ენის მასწავლებელი ქეთრინ ელიზაბეთ ელიოტი ხელმძღვანელობს. საჩვენებელ გაკვეთილზე მან სახალისო აქტივობა წარმოადგინა. კლუბი პოეზიის შესწავლისა და დრამატული წარმოდგენების საშუალებით კრეატიულობის, თავდაჯერებულობისა და ენისადმი პატივისცემის განვითარებას ემსახურება.

„English Story Reading Club“-ის ხელმძღვანელი ინგლისური ენის მასწავლებელი მერი კილასონიაა, რომელმაც მოსწავლეთა ჩართულობით საინტერესო აქტივობები შემოგვთავაზა. გაკვეთილის ბოლოს ბავშვები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. კლუბი ეხმარება მოსწავლეებს წიგნიერების დონის ამაღლებასა და ინგლისური ენის ოთხივე კომპონენტის (კითხვა, მოსმენა, საუბარი, წერა) სრულყოფაში.
მშობლებისისა და ბავშვების ერთობლივი ჩართულობა ხაზს უსვამს აკადემიის მთავარ პრინციპს - მოსწავლე იყოს საკუთარი სასწავლო პროცესის აქტიური შემოქმედი. ასეთი ღონისძიებები ბავშვებს ეხმარება საკუთარი ნიჭის აღმოჩენაში, თვითრწმენის ამაღლებასა და გუნდური მუშაობის პრინციპების ათვისებაში, რაც მათი მომავალი წარმატების საფუძველია.


Comments