2025 წლის მთავარი მიღწევები და CEA-ს 10 წლიანი განვითარების გზა
- CEA

- 2 hours ago
- 2 min read
ინტელექტუალური და საერთაშორისო წარმატებები, გამორჩეული მოსწავლეები, წარმატებული პედაგოგები და კურსდამთავრებულები - ეს არის გზა, რომელიც თანამედროვე განათლების აკადემიას კიდევ უფრო აძლიერებს და განვითარების ახალი ეტაპისკენ მიჰყავს.
2025 წელი თანამედროვე განათლების აკადემიისთვის გამორჩეული მიღწევებით დასრულდა. VIII ა კლასის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ შეჯიბრში - „ტვინების ბრძოლა“ საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი მოიპოვეს. გუნდური აზროვნება, სტრატეგია და ცოდნა - ამ კომპონენტებით ჩვენმა მოსწავლეებმა ასობით გუნდს აჯობეს და წელი ჩემპიონების სტატუსით დაასრულეს. თანამედროვე განათლების აკადემიის ღირსეულად წარმოჩენისთვის, სკოლის ხელმძღვანელობისგან მათ ყოველთვიური პრემია დაენიშნათ და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. გამარჯვებულები დააჯილდოვეს კონკურსის ორგანიზატორებმაც - მოსწავლეები “ტვინების ბრძოლის” ზამთრის ბანაკში სრული დაფინანსებით გაემგზავრნენ.
ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია იმ მრავალ წარმატებას შორის, რომელმაც 2025 წელი თანამედროვე განათლების აკადემიის ისტორიაში განსაკუთრებულ წლად აქცია. აკადემიის მე-7 კლასის მოსწავლე, ლიზა რამიშვილი, ინგლისური ენის ოლიმპიადის - „ლინგოსთარის“ გამარჯვებული გახდა. 1200-ზე მეტ მონაწილეს შორის ლიზამ საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა შეძლო და დუბაის ბანაკის 100%-იანი გრანტი მოიპოვა. ოლიმპიადაზე აკადემიის სახელით ასევე წარმატებით იასპარეზეს სხვა მოსწავლეებმაც, რომლებმაც საუკეთესო მონაწილეების სტატუსი დაიმსახურეს.
2025 წლის გაზაფხულზე აკადემიის მოსწავლეებმა საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთი მასშტაბური წარმატება მოიპოვეს. მე-10 კლასელების გუნდმა ინოვაციური სამეწარმეო კონკურსის „Diamond Challenge“-ის ქართულ ფინალში გაიმარჯვა და საქართველოს სახელით დელავერის უნივერსიტეტში, მსოფლიო ფინალზე წარსდგა. აღსანიშნავია, რომ აკადემიის სხვადასხვა გუნდმა “Diamond Challenge”-ის ქართულ კონკურსში გამარჯვება სამჯერ მოიპოვა.
12 საუკეთესო გუნდს გაუწიეს კონკურენცია აკადემიის მოსწავლეებმა STEAM Challenge Georgia-ს ოლიმპიადაზე და საქართველოს მასშტაბით დამსახურებული მეორე ადგილი დაიკავეს. „მომავლის ხუთეულმა“, რთულ პრაქტიკულ დავალებას თავი წარმატებით გაართვა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ თანამედროვე განათლების აკადემიაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებულ სწავლებას პრიორიტეტული ადგილი ეთმობა.
გასული წელი გამორჩეული იყო ინდივიდუალური მიღწევებითაც. ერთ-ერთია ვიკა თუშიშვილი, რომელმაც კინგსის 2025 წლის გაზაფხულის სეზონზე წარმატებით იასპარეზა და ინგლისურ ენაში I ხარისხის დიპლომი მოიპოვა.
CEA-ს წარმატება განსაკუთრებით თვალსაჩინოა კურსდამთავრებულების შედეგებით. აკადემიის, 2024-2025 სასწავლო წლის ყველა კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა. მათგან ერთმა - ნატალია რუხაძემ 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა
და სწავლას საფრანგეთში აგრძელებს. მიხეილ კოპაძე კი აშშ-ში, პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში 70%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა. ჯამში, 2025 წლის 12 კურსდამთავრებულიდან სასწავლო გრანტი შვიდმა მათგანმა მოიპოვა.
2025 წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა აკადემიის პედაგოგებისთვისაც. ინგლისური ენის მასწავლებელი გიორგი კვიკვინია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი და ევროპული განათლების ასოციაციის რჩეული გახდა. მას სულად დაუფინანსდა ევროკავშირის Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამა პოლონეთში.
ინტელექტუალური გამარჯვებები, საერთაშორისო აღიარება და მოსწავლეთა მუდმივი წინსვლა - სწორედ ამ შედეგებმა დაამკვიდრა აკადემია, როგორც ხარისხზე, განვითარებასა და მომავალზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცე. ამ დიდ წარმატებაში უდიდესი წვლილი ჩვენს მასწავლებლებს მიუძღვით. სწორედ მათი დაუღალავი შრომის შედეგია, რომ ათი წლის განმავლობაში აკადემია არაერთი თაობისთვის ცოდნისა და შესაძლებლობების მთავარ დასაყრდენად იქცა. ჩვენ მომავალს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვხვდებით და და გვწამს, რომ 2026 წელი აკადემიის თითოეული წევრისთვის ახალი აღმოჩენებისა და საერთო გამარჯვებების გაგრძელება იქნება.


Comments