თანამედროვე განათლების აკადემიის მეხუთე ა და ბ კლასის მოსწავლეებმა ხელნაკეთი წიგნი „ჩვენი საქართველო აქ არის“ შექმნეს. ბავშვებმა ჩვენი ქვეყნის კუთხეების შესახებ საინტერესო ინფორმაცია წარმოადგინეს და წიგნი მხატვრულად გააფორმეს. მასში შესულია თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციები, კერძები, მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლები, გამოჩენილი მოღვაწეები და მოგზაურის ჩანაწერები. მოსწავლეებმა საქართველოს რეგიონები წინასწარ დაინაწილეს და მასზე ინდივიდუალურად და ჯგუფურად იმუშავეს.
მუშაობის დასრულების შემდეგ, მეხუთეკლასელებმა თავიანთი წიგნის პრეზენტაცია მოაწყვეს. ბავშვებმა ნამუშევრები წარმოადგინეს და თითოეული კუთხის შესახებ დეტალურად ისაუბრეს.
პროექტი აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნათია ფალიანისა და ჩვენი საქართველოს მასწავლებლის ირმა ორჯონიკიძის ორგანიზებით განხორციელდა. მის მომზადებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ტუტორებს: ნანა ჯაფიაშვილსა და თამარ ბაღდავაძეს. პროექტის მიზანს საქართველოს კუთხეების უკეთესად შესწავლა და წიგნის დახმარებით, თითოეულ რეგიონში წარმოსახვითი მოგზაურობა წარმოადგენდა.
______________
ความคิดเห็น