„მოგზაურობა ისტორიაში – საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც თანამედროვე განათლების აკადემიაში 26 მაისთან დაკავშირებით განხორციელდა. ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ორგანიზებით, პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა.
პირველ აქტივობაზე "საბჭოთა წარსულის ლაბორატორიის" მკვლევართან დავით ხვადაგიანთან შეხვედრა შედგა, რომელიც 1918-1921 წლების ისტორიულ პროცესებს იკვლევს. სტუმარმა VIII, IX და X კლასის მოსწავლეებს განუმარტა, თუ როგორ მივედით პირველ დამოუკიდებელ რესპუბლიკამდე და რა ისტორიულ-პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესები უძღოდა მას წინ. სტუმარმა, ასევე, ისაუბრა 9 აპრილისა და 26 მაისის დამოუკიდებლობას შორის არსებულ განსხვავებაზე.
პროექტის მეორე აქტივობა სამაგიდო თამაშს დაეთმო. მოსწავლეებს ბარათები დაურიგდათ, რომელზეც საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდი იყო დატანილი. მათ მოვლენების მიხედვით, საქართველოს ისტორიის აწყობა დაევალათ. IX კლასის მოსწავლეებმა დავალებას თავი ყველაზე კარგად გაართვეს.
მომდევნო აქტივობაზე, ახალგაზრდებმა, 1918–1921 წლების მოვლენებზე დებატები გამართეს. განიხილეს, თუ რამდენად გამართლებული იყო 1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაციამდე პოლიტიკური მაღალჩინოსნების ემიგრაციაში წასვლა.
მეოთხე აქტივობას კონკურსის სახე ჰქონდა. IX კლასის მოსწავლეებმა, 1918–1921 წლებში მოღვაწე ადამიანების გამონათქვამებზე, პოსტერები მოამზადეს და მათ შესახებ მინი-პრეზენტაციები შემოგვთავაზეს.
ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი მარიამ რურუამ დაიმსახურა, მეორე ადგილი ელენე ჯღარკავას, თინათინ ძაპტაშვილისა და ზუკა ლურსმანაშვილის გუნდს ერგო, ხოლო მესამე ადგილი - ლუკა გეგეშიძემ დაიკავა. ასევე, გამოვლინდა ჟიურის რჩეული - ნუცა ჭელიძე. გამარჯვებულ მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების მასწავლებლის მარიამ დანელიას ინიციატივით, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
______________
Comments