top of page

CEA-ს მოსწავლეების გუნდი "Diamond Challenge"-ის ფინალშია

თანამედროვე განათლების აკადემიის გუნდი საერთაშორისო პროექტის "Diamond Challenge"-ის ქართული კონკურსის გამარჯვებულია და ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინალზე გაემგზავრება, რომელიც 1-2 მაისს დელავერის უნივერსიტეტში გაიმართება.


"Diamond Challenge"-ის რეგიონული შესარჩევი ტური საქართველოში გაიმართა. საქართველოს, სომხეთის, თურქეთისა და ყაზახეთის რვა საუკეთესო გუნდი ერთმანეთს სამეწარმეო და სოციალური საგანმანათლებლო პროექტებით დაუპირისპირდა. აკადემიის X კლასის მოსწავლეების – მართა შალამბერიძის, ელენე ჯღარკავასა და თინათინ ძაპტაშვილის გუნდმა პროექტით "Alere" გამარჯვება მოიპოვა. მათ მენტორობას მათემატიკის მასწავლებელი თამთა წუწუნავა უწევდა.


"Alere" არის აპლიკაცია, რომელიც ახალბედა მშობლებისთვისაა განკუთვნილი. ეს ინფორმაციული ბიბლიოთეკაა, რომელიც სხვადასხვა თემის მიხედვით არის დახარისხებული. აპლიკაციას აქვს მიმოწერის ფუნქცია, რომლის საშუალებითაც მშობელს დასმულ კითხვაზე პასუხი წამიერად მისდის. გარდა ამისა, მშობლებს აქვთ წვდომა შვილის სამედიცინო ისტორიასთან, რაც მათი მოვლის პროცესს ამარტივებს.


აღსანიშნავია, რომ რეგიონულ ტურში 8 გუნდიდან საქართველოს სახელით მონაწილე სამი გუნდი თანამედროვე განათლების აკადემიას წარმოადგენდა.


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც CEA-ს მოსწავლეები “Diamond Challenge”-ის რეგიონულ კონკურსში წარმატებას აღწევენ. 2020 წელს აკადემიის გუნდმა პროექტით “Talk to me” “ბრილიანტის გამოწვევის” საერთაშორისო ფინალში მიიღო მონაწილეობა და 6 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა. 2021 წელს CEA-ს გუნდმა პროექტით "Free Yourself" ასევე გამარჯვება მოიპოვა "Diamond Challenge"-ის ქართულ ფინალში.


"ბრილიანტის გამოწვევა" არის საერთაშორისო სასწავლო პროგრამა და კონკურსი, რომელიც IX-XII კლასელ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი ინოვაციური იდეები მსოფლიო ასპარეზზე წარადგინონ. დელავერის უნივერსიტეტის ეს პროგრამა 2014 წლიდან, საქართველოში ორგანიზებულია „სიქასა“ და "განათლებისა და მართვის გუნდების" (TEaM) მიერ, პავლე თვალიაშვილის ხელმძღვანელობით. კონკურსის საპრიზო ფონდი 100,000 დოლარს შეადგენს, რაც გამარჯვებულებს საკუთარი პროექტების განვითარებაში ეხმარება.


🇬🇪 ქართველი მოსწავლეების წარმატება მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ახალგაზრდული მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიმართულებით. მათ ახლა შანსი აქვთ, მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შეეჯიბრონ და საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინონ.


თანამედროვე განათლების აკადემია ამაყობს თითოეული მოსწავლის წარმატებით, მადლობას უხდის გუნდების მენტორებს: თამთა წუწუნავას, გიორგი კვიკვინიას, მირანდა გაბრიჭიძეს და გოგონების გუნდს გამარჯვებას უსურვებს "Diamond Challenge"-ის საერთაშორისო კონკურსზე!

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page