თანამედროვე განათლების აკადემიის გუნდები საერთაშორისო კონკურსში - „Diamond Challenge” ჩაერთნენ. პირველ ეტაპზე მათ თავიანთი ბიზნესიდეების შესახებ მომზადებული ვიდეორგოლები წარადგინეს.
აკადემიიდან კონკურსში სამი გუნდი მონაწილეობს. პირველი ჯგუფის შემადგენლობაში შედიან X და XI კლასის მოსწავლეები: საბა არჩვაძე, გიორგი ლომაძე, ალექსანდრე და გიორგი ქაშიბაძეები. ჯგუფის მენტორია აკადემიის მათემატიკის მასწავლებელი მირანდა გაბრიჭიძე. მათი პროექტის სახელწოდებაა „Teach buddy” – ეს არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ისმენს, აანალიზებს და მოსწავლეს წამიერ პერსონალიზებულ უკუკავშირს აწვდის, რომლის მიხედვითაც მას გაუმჯობესება შეუძლია.
კონკურსში მონაწილე მეორე გუნდი X კლასის მოსწავლეებით არის დაკომპლექტებული. ბიზნესიდეას წარადგენენ: თინათინ ძაპტაშვილი, ელენე ჯღარკავა, მართა შალამბერიძე და ელისაბედ ანა ფერბენქსი. მათი მენტორი აკადემიის მათემატიკის მასწავლებელი თამთა წუწუნავაა. გუნდის პროექტია „Alere“, რომელიც ახალბედა მშობლებისთვის იქნება განკუთვნილი. აპლიკაცია სხვადასხვა თემის მიხედვით დახარისხებული ინფორმაციული ბიბლიოთეკაა. მიმოწერის ფუნქციის საშუალებით მშობელს დასმულ კითხვაზე პასუხი წამიერად მოსდის. ასევე, მას აქვს წვდომა შვილის სამედიცინო ისტორიასთან.
მესამე გუნდს წარმოადგენენ X-XI კლასის მოსწავლეები: მარიამ რურუა და მზეო-მარიამ გორგაძე. მათ მენტორობას აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებელი გიორგი კვიკვინია უწევს. მათი პროექტია „SCHOLARIS“. ეს არის პლატფორმა, სადაც სხვადასხვა ორგანიზაციის ღონისძიებები განთავსდება და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, მოსწავლეებს, არამარტო უნივერსიტეტების შერჩევაში, არამედ სასურველი პროფესიების მქონე კოლეჯებში მოხვედრაში დაეხმარება.
კონკურსი პირველ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით იმართება. ჟიური წარდგენილი ბიზნესიდეებიდან 10 საუკეთესოს შეარჩევს, რომელთა ავტორები შემდეგ ეტაპზე პროექტების პრეზენტაციას თავადვე მოახდენენ. გამარჯვებული გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, სადაც ბიზნესიდეას საქართველოს სახელით მსოფლიოს მასშტაბით წარადგენს.
თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეები „ბრილიანტის გამოწვევაში“ ყოველწლიურად ერთვებიან. 2021 წელს, ჩვენი მოსწავლეების გუნდის ბიზნესიდეამ, მსოფლიოს ყველა კონტინენტის ქვეყნებს შორის, საუკეთესო შეფასება მიიღო და „Diamond Challenge“-ის გამარჯვებული გახდა.
თანამედროვე განათლების აკადემია წარმატებებს უსურვებს თითოეულ გუნდს და მათ მენტორებს!
Comments