top of page

ხელნაწერი ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი CEA-ს უფროსკლასელებს შეხვდა


ხელნაწერ მემკვიდრეობაში ქიმიური ცოდნის ამაღლების მიზნით, თანამედროვე განათლების აკადემიას, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ესტუმრა. პედაგოგიკის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ირინა გოგონაია აკადემიის მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს შეხვდა.


სტუმარმა უფროსკლასელები არტეფაქტების სამყაროში ამოგზაურა. საინტერესო მაგალითებით აღწერა, თუ რას გვიყვება ხელნაწერი ადამიანზე და ეპოქაზე. ასევე, წარმოადგინა პრეზენტაცია ინფექციური დაავადებების შესახებ არსებულ მოსაზრებებზე, XIX საუკუნის 60-იანი წლების საქართველოში.


ვიზიტის ბოლოს, ირინა გოგონაიამ მოსწავლეებს სიმულაციური თამაში „არქივისტი“ შესთავაზა. ჯგუფებად გადანაწილებულ უფროსკლასელებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციიდან სამ-სამი ნიმუშის ასლი დაურიგდათ. მათ უნდა გაერკვიათ, რომელ კატეგორიას განეკუთვნებოდა თითოეული: ხელნაწერ წიგნს, ისტორიულ დოკუმენტს, პირად არქივებსა თუ ძველნაბეჭდ წიგნს. აკადემიელებმა დავალებას თავი გაართვეს და სტუმრის შექებაც დაიმსახურეს.

ირინა გოგონაიას ვიზიტი თანამედროვე განათლების აკადემიაში ქიმიის მასწავლებლის ეკატერინე მიქაუტაძის ინიციატივით განხორციელდა. სტუმარმა აკადემიის დირექტორს დავით მალაზონიას საჩუქრად ვეფხისტყაოსნის გასაფერადებელი ალბომი გადასცა, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ვეფხისტყაოსნის უნიკალური ნუსხების მინიატურებისა და უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის ილუსტრაციების საფუძველზეა შექმნილი.

______________

#კერძოსკოლა#ბაღი#preschool

Comments


bottom of page