თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის ჯგუფში „ვარსკვლავები“ საინტერესო პროექტი განხორციელდა, რომლის მთავარი თემა იყო ყურძენი. იგი რამდენიმე დღეს მოიცავდა და მრავალფეროვანი აქტივობებით გამოირჩეოდა.
პირველ დღეს, აკადემიის ეზოში იმიტირებული რთველი მოეწყო, სადაც ბავშვებმა ყურძენი დაკრიფეს.
მომდევნო დღეს პატარებმა მშობლები მოიწვიეს და მათ ყურძნის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაუზიარეს. აღსაზრდელებმა ისაუბრეს, როგორ აღმოაჩინეს ვაზი, როგორ ამუშავებენ მის ნაყოფს და რას ამზადებენ ყურძნის წვენისა და წიპწისგან.
შემდეგი აქტივობა ჩურჩხელების ამოვლება იყო, რაც მათთვის განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა. ასევე, მოეწყო სხვადასხვა თამაში.
ღონისძიების მსვლელობისას ბავშვები და აღმზრდელები მშობლებს ღვინით გაუმასპინძლდნენ. პროცესში პატარებიც ჩაერთნენ და სადღეგრძელოები ყურძნის ლიმონათის თანხლებით წარმოთქვეს.
დღის ბოლოს ბავშვებმა მშობლებს საჩუქრად ყურძნის მურაბა გადასცეს, რომელიც ჯგუფში წინასწარ დაამზადეს. აღსაზრდელებმა ქილები CEA-ს ეტიკეტით გააფორმეს.
„ვარსკვლავების“ პროექტზე აღმზრდელებმა ნანა ნოზაძემ და თამარ გოგატიშვილმა იმუშავეს.
Comments