
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, VI ა კლასის მოსწავლეებმა, თანამედროვე განათლების აკადემიაში, ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ბოშები“ წარმოადგინეს.
ბავშვებმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის გურია გააცოცხლეს. სიუჟეტის მიხედვით, ერთ-ერთ სოფელს, მასთან მახლობლად დაბანაკებული ბოშების ხმაური ავსებს. გარდა იმისა, რომ ისინი სოფლის მოსახლეობისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებენ, მათი ყოფა ყოველდღიურ ცხოვრებას ახალ ფერებს სძენს. სკეპტიკურად განწყობილ ადგილობრივებსა და ბოშებს შორის თბილი ურთიერთობა ყალიბდება, და საბოლოოდ, მათი სოფლიდან წასვლა გურულებს ასევდიანებს.
სპექტაკლი გურული, სხარტი იუმორით იყო გაჯერებული. არაჩვეულებრივი შესრულებით, ბავშვებმა აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
თეატრალურ წარმოდგენაზე რეჟისორმა მაკა ჭუმბურიძემ და ტუტორმა ნანა ჯაფიაშვილმა იმუშავეს. მუსიკალური ნომრები აკადემიის მუსიკის მასწავლებელმა, ანა მაისურაძემ მოამზადა.
Komentar